გარდაცვლილი მედდის საქმე

ახალციხის კლინიკაში დარღვევა არ იკვეთება და 27 წლის მეგი ბაქრაძეს დახმარება დროულად აღმოუჩინეს – ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მოკვლევის შედეგი. თუმცა, განსხვავებულია ოჯახის პოზიცია. ისინი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ითხოვენ. კერძოდ, ახალციხის კლინიკაში მედიკოსების გამოკითხვას და ამავე კლინიკიდან ექთნის სამედიცინო ისტორიის  ამოღებას. ამ შუამდგომლობით ოჯახის ადვოკატი პროკურატურას დღეს მიმართავს.

გარდა ამისა, მათ უკვე მიიღეს სამედიცინო ისტორია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, თუმცა, როგორ ადვოკატი განმარტავს, ეს ინფორმაცია მათთვის საკმარისი არ არის. ოჯახი ელოდება სამედიცინო ექსპერტიზას, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს. ადვოკატის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციამდე ორი დღით ადრე „იმედის კლინიკაში“ გარკვეული კვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც მედიკამენტების მიღება დაიწყო. ოჯახს აინტერესებს, კონკრეტულად რა სახის კვლევებზე და რა მედიკამენტებზეა საუბარი.