განცხადებები ევროპარლამენტში

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ქმედებებს სამხედრო დანაშაული ჰქვია. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად ჩამოაყალიბა საერთო საგამოძიებო გუნდი მტკიცებულებებისა და ჩვენებების შესაგროვებლად, რათა პასუხი აგებინონ დანაშაულის ჩამდენ პირებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციების მეხუთე პაკეტი უკანასკნელი არ იქნება.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი მიმდინარე კვირის ბოლოს კიევში ჩავლენ, რათა უკრაინას მხარდაჭერა დაუდასტურონ. თავის მხრივ, ევროპარლამენტში გამოსვლისას ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომმა უნდა გამოაფხიზლოს ევროპელები. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირმა იცოდა, რომ რუსეთის ენერგიაზე არის დამოკიდებული, თუმცა არ ეგონა, რომ ეს დამოკიდებულება ასეთი დიდია. როგორც ბორელმა აღნიშნა, უკრაინის კრიზისმა დაანახა ევროპას ის ხარვეზები, რომელიც ევროკავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აქვს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან რუს სამხედროებს მიმართა და ბრძოლის ველის დატოვებისა და ევროპაში თავშესაფრის ძებნისკენ მოუწოდა. შარლ მიშელმა ასევე ისაუბრა სანქციების გამკაცრებაზე და ხაზი გაუსვა სანქციების გვერდის ავლის ყველანაირი შესაძლებლობის აღკვეთის აუცილებლობას.