განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში

შსს-მ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ პირი დააკავა – 1987 წელს დაბადებული ა.ს. სხვა დეტალები ჯერ უცნობია. გუშინ კი რვა პირი აიყვანეს. ჯამში 45 ადამიანია დაკავებული, ოთხი მიმალვაშია. შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

უწყებაში ამბობენ, რომ ვიდეოსამეთვალყურეო მასალების გაშიფვრისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული კადრების მიხედვით, ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს სასახლის ეზოს ჯებირები.
შეგახსენებთ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.