განაჩენის გადასინჯვა

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
შპს „თბილისის ავტობუსის“ გენერალური დირექტორი – ბესიკ ნათენაძე 2009 წელს, 180-ე, 182-ე, 210-ე და 220-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით იქნა დაკავებული და საბოლოოდ  საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მას ერთწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით განესაზღვრა.

გამოძიება ბრალდებულს ქ. თბილისის მერიის კუთვნილი თანხების არამიზნობრივად დაუფლებასა და გაფლანგვას ედავებოდა. განაჩენის მიხედვით, 2007–2009 წლებში ადგილი ჰქონდა ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე არარსებული მარაგ-ნაწილების მიწოდებას, რის შედეგადაც, გამოძიების ვერსიით, კონტრაქტორ ფირმებთან უკანონო გარიგებით მოხდა ქ.თბილისის მერიის კუთვნილი 503 192,64 ლარის მოტყუებით დაუფლება.

ხელახალი გამოძიების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურიდან მოპოვებული მასალებით დადასტურდა, რომ შპს „თბილისის ავტობუსში“ 2009 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად რაიმე დანაკლისი არ გამოვლენილა. შესაბამისად, პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბესიკ ნათენაძის მიმართ გამოტანილი  გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით.