განაჩენი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე
 ცხრაწლიანი პატიმრობა მიხეილ სააკაშვილს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე და 300 000-ლარიანი ჯარიმა თემურ ჯანაშიას. გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა დღეს დილით გამოაცხადა. მანამდე კი განმარტა, რომ სხდომას ვერ გადადებდა ბრალდებულების გამოუცხადებლობის გამო, რადგან ამას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.
 
მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი, დაახლოებით ცხრა მილიონი ლარის ოდენობის თანხის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვას ედავებოდა. მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ეს საქმე 2014 წლის 13 აგვისტოს აღძრა.