გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
გვიან ღამით დასრულდა ბაჩო ახალაიას ცოლის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ანი ნადარეიშვილი გამომძიებლების კითხვებს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში პასუხობდა. შეკითხვები ძირითადად თბილისის მახლობლად ნაპოვნ იარაღს ეხებოდა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე ამბობს, რომ სუს-ი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი იარაღთან და იცნობდა თუ არა ბექა ჭულუხაძესა და ბრალდებულ პაატა ბურჭულაძეს. ანი ნადარეიშვილმა განმარტა ისიც, რომ 4 ოქტომბრის პროცესებს გულშემატკივრობდა, თუმცა, ამ დღეს საპროტესტო აქციას სახლიდან ადევნებდა თვალს.