გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით

20-21 ივნისის მოვლენებზე ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოკითხვა  გრძელდება. დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე გამოიკითხა. მისი განცხადებით,  რაიმე მნიშვნელოვანი კითხვები არ დასმულა და გამოძიებას, ძირითადად, აინტერესებდა, რომ მას, როგორც მოწმეს, ქრონოლოგიურად მოეყოლა 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები.

ამავე საქმეზე უკვე გამოიკითხა  პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე. შეკითხვებს მან მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა. როგორც თავად განმარტავს, გამოკითხვა ერთ საათს გრძელდებოდა. შეკითხვები კი აქციაზე განვითარებულ პროცესებს უკავშირდებოდა. მაგალითისთვის, რომელი პოლიტიკური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ ადგილზე. გუბაზ სანიკიძე ასევე აცხადებს, რომ საუბარი სასამართლოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საერთოდ არ ყოფილა.

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაიკითხა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე. დაკითხვაზე არიან დაბარებულები ასევე ბაჩუკი ქარდავა და ირაკლი ღლონტი.