გამოძიება ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ
ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება, ეროვნული ბანკი კი საქმესთან დაკავშირებით ვრცელ წერილს აქვეყნებს. პარალელურად ცნობილი ხდება ისიც, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს უკვე ყოფილ წევრს უფლებამოსილება შეეზღუდა. აღნიშნულის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ეროვნული ბანკის ცნობით, გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით იხელმძღვანელა. „საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად,“ – აღნიშნულია განცხადებაში. თავად ნანა ყეინიშვილი კი „მოამბის“ სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.
შეგახსენებთ, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო. ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა 2023 წლის სექტემბერში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარდგინების საფუძველზე დაამტკიცა.