გამოძიება გენერალურ პროკურატურაში - შეფასებები

საგამოძიებო კომისიამ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გიორგი გახარია კიდევ ერთხელ დაიბარა. ყოფილ პრემიერს 23 ივნისს ელოდებიან. პარალელურად, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა გენერალურ პროკურატურაში დაწყებული გამოძიება, ერთ-ერთი საქმე 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს მშენებლობა და მაშინდელი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებაა.

მმართველი გუნდი აღნიშნულს პროვოკაციულ მოცემულობაში გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყნისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის გამო, ყოფილმა პრემიერმა და შსს-ს ყოფილმა მინისტრმა პასუხი უნდა აგოს. ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ თავად ექსპრემიერის გუნდში. ჩორჩანას ეპიზოდს იძიებს საგამოძიებო კომისიაც. კანონმდებლებმა გიორგი გახარია ამ თემაზე უკვე გამოკითხეს და 23 ივნისს კიდევ დაიბარეს.