გახარიას სასამართლო
გიორგი გახარიას ბრალდების საქმის, ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, სასამართლო პროცესები გრძელდება. დღეს პროკურატურამ სამი მოწმე დაკითხა – საქმის გამომძიებელი და „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები, ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლეიშვილი, რომელთა განცხადებების საფუძველზეც, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
მოწმეების თქმით, ადვოკატების კითხვები ძირითადად ეხებოდა იმას, თუ რა ბრალეულობა იკვეთებოდა გიორგი გახარიას წინააღმდეგ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. „ნეიტრალური საქართველოს“ წევრების თქმით, ამ საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ქართულმა მხარემ მნიშვნელოვან ტერიტორიაზე დაკარგა კონტროლი.
დაცვის მხარის თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და საქმეში გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ დევს. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.