გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადება

„უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული რეჟიმის შესაძლო გამოცხადება ჰორიზონტზე არ ჩანს, თუმცა შესაძლოა, რამდენიმე კვირაში იყოს“ – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში. ნიუ იორკში გაერო-ს შტაბ ბინაში გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას, მარტინ გრიფიტსმა ისაუბრა თავისი მცდელობის შესახებ, მიეღწია შეთანხმებისთვის, რათა საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა მომხდარიყო. აღნიშნული საკითხის განსახილველად მიმდინარე თვეში გრიფიტსმა შეხვედრები გამართა მოსკოვსა და კიევში. მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენლებს ადგილობრივ დონეზე ცეცხლის შეწყვეტა დღის წესრიგში ჯერ არ აქვთ. ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში გაერო გეგმავს ჰუმანიტარული კოლონის გაგზავნას დონეცკის ოლქში, იქიდან კი ლუგანსკში. გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ასევე გეგმავს თურქეთში ჩასვლას, სადაც პრეზიდენტ ერდოღანთან უკრაინასა და რუსეთს შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე მოლაპარაკებების პერსპექტივას განიხილავს.