გაერო-მ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

გაერო-მ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი სახელწოდებით „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“ წარდგენილი იყო უკრაინის მიერ. რეზოლუციის ერთ-ერთი თანასპონსორი საქართველო იყო. დოკუმენტს 140-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მხარი დაუჭირა. წინააღმდეგ – ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ერითრეამ მისცეს ხმა. 38 ქვეყანამ, მათ შორის, ჩინეთმა თავი შეიკავა. დოკუმენტი უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს. გაერო-ს გენერალური ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრამ შექმნა ისეთი ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორიც საერთაშორისო საზოგადოებას ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს. პროექტი უკრაინამ და მისმა მხარდამჭერმა რამდენიმე ქვეყანამ წარადგინეს.