ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში

გიორგი გახარიას პარტია სასტუმრო „შერატონისგან“ მათი პარტიის ლიდერზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების გადმოცემას ითხოვს. მათი განმარტებით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმროს ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა. გახარიას გუნდის წევრების თქმით, ძალადობრივი ქმედებები დეტალურ გამოძიებას საჭიროებს, თუმცა, ობიექტური გამოძების იმედი არ აქვთ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარტიაში ამბობენ, რომ ძალადობრივი თავდასხმა გიორგი გახარიამ დაიწყო. საქმე მოიცავს როგორც გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის დაპირისპირებას, ისე ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე მომხდარი თავდასხმის ეპიზოდს. როგორც ზვიად ქორიძე აცხადებს, მას გიორგი მანველიძე და დიმიტრი სამხარაძე დაესხნენ თავს. ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გიორგი გახარია საგამოძიებო ორგანოში რამდენიმე დღეში გამოიკითხება.