ფინეთი რუსული გაზის შეწყვეტას მომზადებული შეხვდება

ფინეთი მზადაა, გაუმკლავდეს რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ მთავრობის საგანგებო მზადყოფნის კომიტეტმა დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მანამდე, ფინურმა მედიამ გაავრცელა ცნობები იმაზე, რომ ფინელი პოლიტიკოსები ინფორმირებული იყვნენ რუსეთიდან გაზის ექსპორტის სავარაუდო შეწყვეტის თაობაზე.

ჟურნალისტებთან საუბრისას ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი კაიკონენმა განაცხადა, რომ ის ვერ დაადასტურებს ინფორმაციას ამის თაობაზე, ხოლო თავის მხრივ, კრემლში აღნიშნეს, რომ ფინური მედიის ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება და „გაზპრომი“ კვლავ ბუნებრივი აირის სანდო მიმწოდებლად რჩება.

ფინეთი მისთვის საჭირო გაზის უმეტესი ნაწილის იმპორტს მეზობელი რუსეთიდან ახორციელებს, თუმცა ამ ქვეყნისთვის ბუნებრივი აირი, წლიური ენერგიის მოხმარების მხოლოდ 5%-ს შეადგენს.