ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება

პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით სექტემბრის ბოლოს დაამტკიცებს. საუბარია კანონპროექტზე, რომლის გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების წესი შემოდის. ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა ღია იქნება, თუმცა, არა – საჯარო.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მუდმივად მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, შეეცვალათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის სამართლებრივი ჩარჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რომ ხარვეზები აღმოფხვრილიყო.

„ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების სურვილს, შეიტანონ ცვლილებები „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონში და ხაზს ვუსვამთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულების მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების ნდობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში და თავად ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში. ამიტომ, ჩვენ ვურჩევთ ხელისუფლებას, მოითხოვონ ვენეციის კომისიის მოსაზრება შემოთავაზებულ შესწორებებზე, სანამ მას მიიღებენ“, – ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.

თანამომხსენებლები საქართველოს შესახებ შემდეგი ანგარიშის წარდგენას 2021 წლის დასაწყისში გეგმავენ. თანამომხსენებლების განცხადება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ მმართველი გუნდი არ არის წინააღმდეგი, დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება.

დატოვე კომენტარი