ევროპარლამენტარების გამოხმაურება
 ევროპარლამენტარები გმობენ საქართველოში ოპოზიციის ლიდერების მიმართ გამოტანილ განაჩენს. ერთობლივ განცხადებაში გამოხატულია ღრმა შეშფოთება საქართველოში ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ახალი ტალღის გამო „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის ოთხი წევრის – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიაზე გამოძახებაზე დაუმორჩილებლობისთვის. მათი გასამართლება და ორი წლით საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა, კომისიასთან თანამშრომლობაზე უარისთვის, არის პოლიტიკურად მოტივირებული აშკარა შეტევა დემოკრატიაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციური ხმების ჩახშობასა და დაშინებას.“ – ამბობენ ევროდეპუტატები.
მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი არის „ქართული ოცნების“ მცდელობის ნათელი მაგალითი ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ და ოპოზიციის ნებისმიერი ფორმის ჩახშობისკენ. „ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, მიიღონ დაუყოვნებელი ზომები და დააწესონ პერსონალური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული უკუსვლისთვის, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. ევროპარლამენტარები ასევე გამოდიან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოწოდებით, რომელიც გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდება. განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ მაკალისტერი, ევრონესთის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე.