ევროკავშირის საგანგებო სამიტი და უნგრეთის პოზიცია

ევროპელი ლიდერები უკრაინის თემაზე გადამწყვეტი მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან.

ხუთშაბათს ბრიუსელი ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სამიტს უმასპინძლებს, სადაც მთავარი თემა ომში მყოფი ქვეყნის ფინანსური დახმარებაა. მას შემდეგ, რაც დეკემბერში უნგრეთმა უკრაინისთვის 50-მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაბლოკა, ევროკავშირის დღის წესრიგში უკრაინის დასაფინანსებლად ახალი მექანიზმის შემუშავებისა და უნგრეთის დასჯის საკითხი დადგა. ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა უკრაინის ბიუჯეტის მხარდასაჭერად 40 მილიარდი, სამხედრო დახმარების სახით კი 27 მილიარდი ევრო გაიღო. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ფინანსური დახმარების გაგრძელებაზე თანხმდებიან, თუმცა უნგრეთის პრემიერის პოზიცია მათთვის ამჯერადაც დილემა იქნება. ვიქტორ ორბანს უკრაინის დაფინანსებაზე თანხმობის სანაცვლოდ საკუთარი პირობა აქვს.