ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების გეგმა

როგორ და რა ფორმატში წარიმართება მუშაობა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად – ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მმართველი გუნდის მიერ შექმნილი კომისიების საქმიანობაში არ ერთვებიან, ორშაბათიდან საკუთარი გეგმის განხორციელების ეტაპზე გადასვლას აანონსებენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორთან და საექსპერტო წრეებთან ერთად შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც 12 პუნქტის მიმართულებით კანონპროექტებზე იმუშავებენ, სექტემბერში კი ამ საკანონმდებლო ინიციატივებს პარლამენტს წარუდგენენ. თუმცა, არ არის გამორიცხული, ევროპარლამენტარების მოწოდების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფებს „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდეს. როგორც პარტიის წევრები ამბობენ, ამ საკითხზე გუნდის შიგნით კონსულტაციები მიმდინარეობს. ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს ოპონენტებს უმრავლესობა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პოლიტიკური დემარშებით ოპოზიცია, კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას.