საქართველოს სპორტის მინისტრი ქართველ პარასპორტსმენებს შეხვდა და სან-პაულოს მსოფლიოს თასზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ტურნირზე ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა ექვსი მედალი მოიპოვეს, რაც მსოფლიოს თასზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ისტორიული შედეგია. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და ამ მიზნით დაგეგმილ პროექტებზე.
მსოფლიოს თასზე ხმლით პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ჩემპიონობა იზეიმეს, გვანცა ზადიშვილი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა. რაპირით ასპარეზობაში გვანცა ზადიშვილმა და ირმა ხეცურიანმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ნინა თიბილაშვილი კი ბრინჯაოს დასჯერდა. წარმატების აღსანიშნავად სპორტსმენებმა ხელი მოაწერეს ეროვნული ნაკრების მაისურს, რომელიც ქართული სპორტის მუზეუმს გადაეცემა.