ექიმების დაკავება

 თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ჩატარებული ოპერაცია გამოძიების საგანი ხდება. დაკავებულია კლინიკის დირექტორი და ერთი ექიმი, კიდევ ერთ მედიკოსს ქვეყნის დატოვების გამო, ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. საქმე ეხება 2018 წელს 23 წლის გოგოსთვის ორჯერ გაკეთებულ ორთოპედიულ ოპერაციას, რის შემდეგაც პაციენტი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო იკვლევდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, პაციენტთან შეთანხმება დაირღვა და იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, ოპერაცია შესაბამისი საექიმო პრაქტიკისა და ლიცენზიის არმქონე პირებმა ჩაატარეს. მათ შორისაა ამავე საავადმყოფოს კონსულტანტი, რომელმაც პაციენტს ანესთეზია გაუკეთა.