ელიზაბეთ ჯინ კეროლი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ

მწერალი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ. ნიუ იორკის სასამართლომ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სასარგებლოდ 83 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. საუბარია კომპენსაციაზე, რომელიც დონალდ ტრამპმა მწერალს რეპუტაციული ზიანის მიყენების გამო უნდა გადაუხადოს.

მწერალმა დონალდ ტრამპი 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში მასზე სექსუალურად ძალადობაში დაადანაშაულა. ამ ძალადობის შესახებ მოსარჩელემ 2019 წელს განაცხადა, თუმცა ექსპრეზიდენტმა ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ მწერალმა ეს ამბავი წიგნის გასაყიდად გამოიგონა.

თავის მხრივ კი კეროლმა ეს განცხადება რეპუტაციის შელახვის მცდელობად მიიღო და სასამართლოს მიმართა. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა ერთ-ერთი კანდიდატია, მის წინააღმდეგ კი კიდევ ოთხი საქმეა აღძრული, მათ შორის 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის მოვლენების გამო. დონალდ ტრამპი კეროლის საქმეზე გამოტანილი დადგენილების გასაჩივრებას გეგმავს.