ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

დედოფალ ელისაბედ მეორეს რეზიდენციასთან, ბალამორალში ათობით ადამიანია შეკრებილი – ისინი გაერთიანებული სამეფო მონარქის ჯანმრთელობის შესახებ ახალ ცნობებს ელოდებიან. მოქალაქეებს ბუკინგემის სასახლესთანაც მიაქვთ ყვავილები. ამის მიზეზი დედოფალ ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. დღეს შუადღისას ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმები შეშფოთებულები არიან და მას სამედიცინო მეთვალყურეობა ესაჭიროება.

ამის შემდეგ სასწრაფო წესით შოტლანდიაში გაემგზავრნენ დედოფალ ელისაბედ მეორის ოჯახის წევრები. ბალმორალის ციხესიმაგრეში ჩავიდა პრინცი ჩარლზი, ასევე პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი. შუადღის შემდეგ, დედოფლის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ განახლებულა. ელისაბედ მეორეს გამოჯანმრთელება უსურვეს მსოფლიო ლიდერებმა. მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა, კანადის პრემიერ-მინისტრმა და სხვებმა.

ელისაბედ მეორე 96 წლის არის. ის ტახტზე 1952 წელს ავიდა. კაცობრიობის ისტორიაში ელისაბედ მეორე არის მონარქი, რომელიც ტახტზე ყველაზე დიდხანს იმყოფება. მას მხოლოდ საფრანგეთის მეფე ლუი მეთოთხმეტე უსწრებს. ელისაბედ მეორემ მმართველობის პერიოდში 15 პრემიერ-მინისტრი დანიშნა. უკანასკნელი იყო ლიზ ტრასი, რომელთანაც აუდიენცია მონარქმა ორი დღის წინ გამართა. მან მმართველობის პერიოდში აშშ-ის 14 პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა.

ბრიტანეთის მონარქს ჰყავს ოთხი შვილი, რვა შვილიშვილი და 12 შვილთაშვილი. გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრეებს შორის პირველი არის პრინცი ჩარლზი, რომელიც 73 წლისაა.