ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია

ლონდონში დედოფალ ელისაბედ მეორეს ათასობით ადამიანი ემშვიდობება. დიდი ბრიტანეთის დედოფლის ცხედარი ვესტმინსტერის სასახლეშია დასვენებული, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შესვლა. მსურველი კი იმდენია, რომ მოქალაქეებს სასახლეში მოსახვედრად 24-საათიან რიგში დგომა უწევთ.

ცოტა ხნის წინ, ლამბეთის სასახლესთან გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე და უელსის პრინცი უილიამი მივიდნენ. ისინი ქუჩაში, რიგში მდგომ ხალხს მიესალმნენ და გაესაუბრნენ. ლონდონში ჩავიდნენ ავსტრალიისა და კანადის პრემიერ-მინისტრებიც. ისინი დედოფლის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ვესტმინსტერის სასახლეში მივიდნენ.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს, უინძორის სასახლის ტერიტორიაზე დაკრძალავენ. დედოფლის დაკრძალვის დღეს ლონდონში 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსს ელოდებიან.