ელისაბედ მეორე ედინბურგში, ჰოლირუდის სასახლეში გადაასვენეს

მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა ედინბურგში ჩავიდნენ. ისინი ელისაბედ მეორეს გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს გაუძღვებიან და სამძიმარს პირადად მიიღებენ. ედინბურგის ტაძარში შოტლანდიელებს დედოფალთან გამომშვიდობების შესაძლებლობა ექნებათ. მანამდე კი დედოფლის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი მოღვაწეობა კიდევ ერთხელ გაიხსენეს პარლამენტში.

ლორდთა პალატის სპიკერის, ლორდ მაკფოლის განცხადებით, დედოფალი იყო ხალხის ლიდერიც და მსახურიც, ხოლო მისი თავმდაბლობა და პატიოსნება პატივისცემას იმსახურებდა. ჩარლზ მესამემ კი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პარლამენტი დემოკრატიის სიცოცხლის უმთავრესი ინსტრუმენტია. დედოფალზე საუბრისას მან შექსპირის სიტყვები მოიშველია და თქვა, რომ ელისაბედ მეორე იყო ნიმუში ყველა ცოცხალი პრინცისთვის.

ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს, ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალავენ.