ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიასთან განმარტებას აკეთებს. სამსახური ხოშტარიას ნდობით აღჭურვილი ექიმის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ საპატიმროში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გასინჯვის შემდეგ გააკეთა. ის აცხადებდა, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით, უკიდურესად გაუარესებული იყო და საკანში მისი მართვა შეუძლებელი იყო.
პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ ამ განცხადების შემდეგ ექიმს პოლიტიკოსის ხელმეორედ გასინჯვა და მკურნალობის საერთო გეგმის შედგენა შესთავაზეს, თუმცა, მისგან პასუხად მიიღეს, რომ სამი დღის განმავლობაში არ ეცლებოდა, რაც მათივე თქმით, უცნაურია იმ ფონზე, თუკი ხოშტარის მდგომარეობა მართლაც უკიდურესად მძიმედ არის შეფასებული.
რაც შეეხება დაკავებული პოლიტიკოსის ადვოკატს – შოთა თუთბერიძის განცხადებით, ელენე ხოშტარია ყავარჯნებით გადაადგილდება და მისი მკურნალობის ინიციატორი პირველ რიგში სწორედ პენიტენციური სამსახური უნდა იყოს.