ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ექსპრემიერ გიორგი გახარიას სასამართლო სხდომა გაიმართა
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ექსპრემიერ გიორგი გახარიას სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე: ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია და საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, დავით სუჯაშვილი დაიკითხნენ. სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. მიზეზი პროკურატურის შუამდგომლობა გახდა. პროცესზე დისტანციურად გამოიკითხა ყოფილი პრემიერი. არსებული ინფორმაციით, ბახტაძე საქართველოში არ იმყოფება.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალის მიხედვით, ექსპრემიერმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი.