„ძლიერი საქართველო – ლელოს“ განცხადება
დღეს „ძლიერი საქართველო-ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს და მოითხოვს „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობას. ამ დროისთვის „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე, ბათუმში იმყოფება, ბოლო სამართლებრივ დეტალებს გადის ადგილობრივ გუნდთან ერთად და 15:00 საათისთვის პარტიის სარჩელი საკონსტიტუციოში შევა. „ძლიერი საქართველო-ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ, სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართავს, რადგან თვლის, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა, მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია და აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების მიღება, ქვეყანაში მნიშვნელოვან დემოკრატიულ რღვევას იწვევს, რაც დიქტატურას ამყარებს.