ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური ინფორმაცით, თურქეთში დაღუპულია 284 ადამიანი, დაშავებულია 2 300. სირიაში გარდაცვლილია 237, 600 კი დაშავებულია. სტიქიური უბედურების ზონაში უამრავი შენობა დაინგრა და დაზიანდა. მოქალაქეების ნაწილი ნანგრევებშია მოყოლილი. სამაშველო ოპერაცია გამთენიისას დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. თურქეთში მაშველებს ეხმარება არმიაც.

რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი სტიქიურ უბედურებას ერთად დგომით გაუმკლავდება. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდას შეადგენდა, რასაც მოჰყვა რამდენიმე განმეორებითი ბიძგი. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანში, კვიპროსსა და ღაზის სექტორში.