ძარცვის ფაქტებზე არასრულწლოვნები დააკავეს
თბილისის პოლიციის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, ხუთი არასრულწლოვანი დააკავეს. მათ შორის ორი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სხვადასხვა სავაჭრო ობიექტის ფინანსური ზარალი 30 000 ლარს აღემატება. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქის მოტოციკლს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. დანაშაული 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.