აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებები ჩავარდა – უკრაინული იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმება არ შედგა. თეთრ სახლში გამართული შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირებითა და კამათით დასრულდა. ამის შემდეგ, როგორც ამერიკული მედია წერს, დონალდ ტრამპმა ზელენსკის თეთრი სახლის დატოვება მოსთხოვა.
ოვალურ კაბინეტში ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, რომელმაც განაცხადა, რომ ომი დიპლომატიის გზით უნდა დასრულდეს, ზელენსკიმ კითხვა შეუბრუნა და თქვა, თუ რა დიპლომატიაზე საუბრებოდა ვიცე-პრეზიდენტი მაშინ, როდესაც 2014 წლის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის არაერთი შეთანხმება დაარღვია. მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა ზელენსკი უპატივცემულობასა და უმადურობაში დაადანაშაულა.
ზელენსკის წასვლის შემდეგ, ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობისთვის მზად არ არის და თეთრ სახლში მაშინ დაბრუნდება, როცა ამის მზაობა ექნება.
სოციალურ ქსელში კომენტარი გამოაქვეყნა ზელენსკიმაც, რომელმაც დაძაბული მოლაპარაკებების შესახებ არაფერი თქვა, თუმცა მადლობა გადაუხადა ამერიკას და აღნიშნა, რომ უკრაინას სამართლიანი მშვიდობა სჭირდება.