დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. მთავარი საკითხი, რაზეც ლიდერებმა თეთრ სახლში ისაუბრეს, ცეცხლის შეწყვეტა და უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გადაცემა იყო. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ იარაღის გადაცემამ, შესაძლოა, ომის ესკალაცია გამოიწვიოს. შტატების ლიდერს არ დაუმალავს ისიც, რომ „ტომაჰავკები“ ამერიკას თავადაც სჭირდება. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს გარიგება შესთავაზა და უთხრა, რომ უკრაინა მზადაა, რაკეტების სანაცვლოდ, შტატებს საკუთარი წარმოების ათასობით უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდოს. აშშ-ის პრეზიდენტს შეთავაზებაზე თანხმობა არ განუცხადებია, თუმცა, აღნიშნა, რომ უკრაინა ხარისხიან უპილოტო აპარატებს აწარმოებს.
ასევე მხარეებმა იმსჯელეს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის უნგრეთში დაგეგმილ შეხვედრაზეც. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, შეხვედრას ზელენსკი არ დაესწრება, თუმცა ყველაფრის საქმის კურსში იქნება.