დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან ერთი წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ორსაათიანი გამოსვლის დროს სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ეკონომიკაზე, ვენესუელაზე, ნატო-სა და გრენლანდიაზე. მისი თქმით, არცერთ ადამიანს და არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ნატო-სთვის იმაზე მეტი, ვიდრე მან გააკეთა. „დიდი შიში, რაც ნატო-სთან დაკავშირებით მაქვს, არის ის, რომ ვიცი, ჩვენ მათ დასახმარებლად მივალთ, მაგრამ მეეჭვება, მოვლენ თუ არა ისინი ჩვენს დასახმარებლად,“ – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, ნატო „ძალიან კმაყოფილი იქნება“ იმით, რასაც ის გრენლანდიასთან დაკავშირებით შეიმუშავებს, თუმცა, დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტრამპმა „მშვიდობის საბჭოზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან შესაძლოა, გაერო ჩაანაცვლოს. რაც შეეხება ვენესუელას, ტრამპი ამბობს, რომ სურს, ვენესუელელი ოპოზიციონერი მარია კორინა მაჩადო ქვეყნის ხელმძღვანელობაში რაიმე ფორმით ჩართოს.
შეგახსენებთ, დღეს ტრამპი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაემგზავრა, სადაც სიტყვით გამოსვლას გეგმავს.