დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი რჩება, ის აშშ-ის პრეზიდენტი მეორედ ხდება – დღეს შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ფიცს დადებს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე. ცერემონიის მიხედვით, ფიცს ჯერ ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დადებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წინაშე, შემდეგ კი ფიცს დონალდ ტრამპი დადებს. პროცედურულად ამის შემდეგ ის საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.
ღონისძიება კაპიტოლიუმის კიბეების ნაცვლად, შენობაში გაიმართება. ამის მიზეზი ვაშინგტონში ძლიერი ყინვაა. კაპიტოლიუმის შენობაში ფიცის დადების ცერემონია უკანასკნელად 1985 წელს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს ჩატარდა. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის გათვალისწინებით, ინაუგურაცია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით ჩატარდება. ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, დონალდ ტრამპი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც დაღუპულ ამერიკელ სამხედროებს პატივი მიაგო. მოგვიანებით კი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოვიდა. ვრცელ გამოსვლაში, არჩეულმა პრეზიდენტმა მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ უკრაინის ომს დაასრულებს.
როგორც „სიენენი“ იტყობინება, დონალდ ტრამპმა თავის გარემოცვას ფიცის დადებიდან რამდენიმე დღეში ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის ორგანიზება დაავალა. ტრამპმა თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი 100 დღე აშშ-ის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული იქნება. ტრამპის გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღეს ის აპირებს გამოსცეს 100-მდე აღმასრულებელი განკარგულება. ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ მისი პირველი ინიციატივები სხვა საკითხებთან ერთად, შეეხება საზღვრების უსაფრთხოებასა და ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციებს.