დონალდ ტრამპი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება

უკრაინის საკითხზე სასაუბროდ დონალდ ტრამპი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი. სტატიის მიხედვით, განხილული იქნება აშშ-ის ქმედებების სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება ან სრული გაუქმება. თეთრ სახლს ოფიციალურად ასეთი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს ტრამპისა და ზელენსკის მოლაპარაკებები მწვავე კამათით დასრულდა, რის შემდეგაც უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი დატოვა. არ იქნა ხელმოწერილი მომზადებული შეთანხმება წიაღისეულის მოპოვებაში თანამშრომლობისა და საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ. ამის შემდეგ, როგორც თავად აშშ-ს პრეზიდენტმა, ისე ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებმა განაცხადეს, ეჭვი ეპარებათ უკრაინის პრეზიდენტის რუსეთთან მშვიდობისკენ სწრაფვაში. გარდა ამისა, ისინი მიიჩნევენ, რომ ზელენსკიმ გამოიჩინა უპატივცემულობა ტრამპის მიმართ, როდესაც პოლემიკაში შევიდა.