დმიტრო კულებას განცხადება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უახლოეს პერსპექტივაში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე ალიანსი საკუთარ პოზიციას არ შეიცვლის. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ნატო გააგრძელებს მტკიცებას, რომ ალიანსის კარი ღიაა და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება, თუმცა ევროკავშირის მსგავსად, არ შეიცვლის საკუთარ პოზიციას და არ დაიწყებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას უკრაინის გასაწევრიანებლად.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატო-ში მიღებულია არაფორმალური გადაწყვეტილება, რომ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, ალიანსი იქნება მეორეხარისხოვან როლში, რათა რუსეთმა არ გამოიყენოს არგუმენტი, რომ ნატო-სთან ომში იმყოფება. დმიტრო კულება ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ალიანსის გადაწყვეტილებამ, დაიწყოს ამ ქვეყნების გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, იმ არგუმენტების ანულირება მოახდინა, თუ რატომ არ შეიძლება უკრაინა გახდეს ნატო-ს წევრი.