„დიდი ოცეულის“ სამიტი

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა. სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხები გლობალური ეკონომიკა და უკრაინაში მიმდინარე ომია. „ჩვენ სხვა ვარიანტი არ გვაქვს, მსოფლიოს გადასარჩენად საჭიროა თანამშრომლობა. ჩვენ არ უნდა დავყოთ მსოფლიო ნაწილებად. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მსოფლიო მორიგ „ცივ ომში“ გადაეშვას“, – განაცხადა მასპინძელი ქვეყნის, ინდონეზიის პრეზიდენტმა. „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს დისტანციურად მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, დადგა დრო, როდესაც რუსეთის გამანადგურებელი ომი უნდა შეჩერდეს. მინსკის შეთანხმება-3 არ იქნება, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა თავისი ძალები გააძლიეროს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ბალიზე მიმდინარე დიდი ოცეულის ლიდერების შეხვედრაზე რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარმოადგენს.