დიდი ბრიტანეთის დახმარება უკრაინას

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, დამატებით მილიარდ 300 მილიონ ფუნტს გამოუყოფს. ამგვარად, გაერთიანებული სამეფო აორმაგებს საკუთარ ვალდებულებას უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებით, რაც ომის გამო გამოყოფილი თანხის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ერაყისა და ავღანეთის კონფლიქტების შემდეგ, თანხა უკრაინას გადაეცემა რეზერვებიდან, რომელსაც ბრიტანეთი საგანგებო სიტუაციებისთვის იყენებს.
„პუტინის სასტიკი თავდასხმა უკრაინაში იწვევს არა მარტო აღუწერელ განადგურებას, არამედ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ ევროპაში“, – წერია ბორის ჯონსონის განცხადებაში. მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ამ თვის ბოლოს თავდაცვის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას, სადაც წარმოების გაზრდას განიხილავს, უკრაინის ომის შედეგად შექმნილი გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ.