ხუთი ფონდის ანგარიშების დაყადაღებისა და ამასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადება თბილისში ისევ შეფასებების თემაა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფონდები „ქართული ოცნების“ მითითებით დააყადაღეს და მმართველი გუნდი რეპრესიული გზით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. „ქართული ოცნება“ კი მიიჩნევს, რომ ფონდების დაყადაღებას საფუძველი აქვს და უახლოეს პერიოდში აღნიშნულ საქმეზე მეტი ინფორმაცია იქნება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ დაყადაღებულია „ნანუკას ფონდის“, ნიკა გილაურის „ფროსფერითი ჯორჯიას“, ფონდი „ერთმანეთისთვის“, „სირცხვილიასა“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშები. პროკურატურა გადაწყვეტილების მიზეზად იმ გამოძიებას ასახელებს, რომელიც საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს.