დავით გარეჯის საქმე

გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ივერი მელაშვილი არ ეთანხმება პროკურატურის განცხადებას, რომ მან 1995-96 წლებში არსებული პოზიცია, რომლითაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორია იყო, 2006 წელს შეცვალა.

მელაშვილი პროკურორის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქმეში დევს 1995 და 1996 წლებში მელაშვილის მიერ ხელმოწერილი ოქმი და მის მიერ შედგენილი ალბომები, სადაც საქართველოს სასიკეთო პოზიციაა დაფიქსირებული, რომელიც მოულოდნელად 2006 წელს შეიცვალა და საზღვრები შეთანხმდა ისე, რომ მონასტრის ნაწილი უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

ბრალდებული ამბობს, რომ 1995-96 წლის დოკუმენტები მას ჩამოართვეს, თუმცა, მის შინაარსს არ განმარტავს. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის საზღვრების თემაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს პროკურატურის განცხადებები მნიშვნელოვნად აზიანებს.