დავით გარეჯის საქმე

პროკურატურის შეცვლილი პოზიცია დავით გარეჯის საქმის ფიგურანტების მიმართ. ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ და განაჩენს გარეთ დაელოდებიან. გამოძიება ახლა მთავარ ამოცანად იმ პირების დადგენას ასახელებს, რომლებიც, მისივე მტკიცებით, კარტოგრაფებს საზღვრების საქართველოს საზიანოდ შეთანხმების დავალებებს აძლევდნენ.

სასამართლოს პარალელურად, გამომძიებლების კითხვებს პასუხობდა საზღვრების დამდგენი კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი მანჯგალაძე, რომლის გვარს ფარულ ვიდეოჩანაწერშიც ახსენებენ. დღევანდელი გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს ოპოზიცია, რომელიც ე.წ. პოლიტპატიმრების კონტექსტში მელაშვილ-ილიჩოვას საკითხს ელჩების შუამავლობით მიმდინარე შეხვედრების რაუნდებზე აყენებდა. კარტოგრაფების გათავისუფლებას მმართველ გუნდთან წინა კვირას გამართული მოლაპარაკების შედეგად მიიჩნევს ალეკო ელისაშვილი.