ხაშურის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ საჯვარეში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მხარეებს შორის შელაპარაკება მოხდა, თუმცა რას უკავშირდებოდა კონფლიქტი, მათთვის უცნობია. დაჭრილები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარიდან მალევე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას.