დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში - ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონიდან

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება – ბოლო მონაცემებით, 7 100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, დაშავდა 40 ათასზე მეტი მოქალაქე. სტიქიის ზონაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაემგზავრა.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 79 ათასზე მეტი სამაშველო რაზმი მონაწილეობს. სტიქიის შედეგად დაზარალებულ თურქეთის ათ პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრამ 13 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. თურქეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 13 თებერვლამდე დაიხურა სკოლები. ათ დაზარალებულ პროვინციაში კი სასწავლო პროცესი 20 თებერვლამდე შეწყდა.

სტიქიის ზონაში მუშაობს საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი – ნოდარ ჩაჩუა, გიორგი კიკვაძე, ირაკლი გედენიძე და პაატა გოცაძე. ნოდარ ჩაჩუა მოგვაწვდის ახლა ბოლო ინფორმაციას დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების შესახებ.