დაკავება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 

„კრისტალ ჯგუფის“ დამფუძნებელ ვლადიმერ სტეფანიანს პროკურატურა ოფიციალურად ბრალს ხვალ წარუდგენს. სტეფანიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავა. უწყების ინფორმაციით, მან ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა ხუთი სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო და სათხილამურო ტრასა, რომლით სარგებლობაც მხოლოდ „კრისტალ ჯგუფის“ მომხმარებლებს შეეძლოთ. მიღებულმა შემოსავალმა მილიონ 900 ათასს მიაღწია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვლადიმერ სტეფანიანს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.