დაკავება ტრეფიკინგის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. მას პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით, 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ორი წლის განმავლობაში შრომით ექსპლუატაციას უწევდა მასთან მცხოვრებ, მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნისა და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით, თანხის შეგროვებასა და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.