ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის თორმეტი წევრი დააკავეს. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს აფინანსებდა არაუმეტეს 150 000 ლარის ოდენობით.
გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული, სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ინფორმირებული იყო პროგრამის შესახებ, სახელმწიფო თანხის დიდი ოდენობით მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაუკავშირდა ფიზიკურ პირებს, რომლებიც არანაირ კავშირში არ იყვნენ სოფლის მეურნეობასთან და მათი მეშვეობით მიმართა „სოფლის განვითარების სააგენტოს“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გრანტის გაცემის თაობაზე. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო რამდენიმე კომპანია. მათ გასცეს ყალბი ინვოისები ტექნიკის რეალიზაციის თაობაზე. სახელმწიფოსგან მოტყუებით მიღებული იქნა გრანტი, ჯამში 826 815 ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომ არადანიშნულებისამებრ იქნა გამოყენებული, პირადი ინტერესებისთვის.