დაკავება „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 44 პირი დააკავეს. კიდევ შვიდ პირს ბრალი წარედგინა – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ორი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია. დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდებს – ლევან მარღიასა და ნოდარ შუკაკიძეს, რომლებიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მოდავე მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.