დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, ის „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. მისი მართვის ქვეშ არსებული სამგზავრო ავტობუსის საბარგულში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოაჩინეს. საპოლიციო მოქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთად ჩაატარეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.