შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველოს თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორმა, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება მოქალაქისგან, რომელსაც აღნიშნული ნარკოტიკი ასევე უკანონოდ გადასცა სხვა მოქალაქემ.
პოლიციის თანამშრომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელსაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. გარდა ამისა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს „მარიხუანა“ და ერთი ცალი ნაგანის სიტემის რევოლვერებისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნა, რომლებსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.