დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავეს. მათგან ერთ-ერთი მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა-პვპ“, „კლეფედრონი“ და „მეტადონი“. ასევე, პოლიციამ ლოკაციაზე ამოიღო სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება, ელექტროსასწორები და წებოვანი ლენტები.