დაკავება კორუფციის ბრალდებით

კორუფციის ბრალდებით ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს. პროკურატურა ზურაბ კაკაბაძეს სახელმწიფოს კუთვნილი ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში მის მფლობელობაში არსებული ფედერაციის კუთვნილი ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით, გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ეროვნული ფედერაციის კუთვნილი თანხა.

ზურაბ კაკაბაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის ინფორმაციით, აქვთ მტკიცებულებები საგამოძიებო უწყების საპასუხოდ და საქმეზე ძიება წლებია მიმდინარეობს, კაკაბაძე კი გამოძიებასთან ინტენსიურად თანამშრომლობდა. ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ოფიციალურად უკვე წარდგენილი აქვს. სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო მისი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.